ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან რეგიონში არსებული ვითარება განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ „მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას“, რომელიც მიზნად ისახავს დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბებას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა მშვიდობიან თანამშრომლობას და თანაარსებობას სამხრეთ კავკასიაში და მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონულ დიალოგში.

შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, მინისტრის მრჩეველი ვაჰან კოსტანიანი და მინისტრის ასისტენტი რობერტ აბისოგომონიანი.

ქართული მხრიდან კი შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ილია დარჩიაშვილი და საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სომხეთის რესპუბლიკაში ირაკლი კვანჭახაძე ესწრებოდნენ.